ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი

ისევე, როგორც თითქმის ყველა სახელმწიფოთა შორის დავაში, ორივე მხარეს ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგენი. საკითხი, ერთი შეხედვით, მარტივია -ისრაელი ამტკიცებს, რომ მიწა, რომლის თაობაზეც დავამიმდინარეობს თავისი ისტორიული საკუთრებაა, ხოლო პალესტინა კი არ ეთანხმება აღნიშნულს და მიწას თავისად მიიჩნევს. თუმცა, რა საკვირველია, საკითხი ბევრად უფრო კომპლექსურია, ვინაიდან დავას ახასიათებსროგორც პოლიტიკური, ასევე იდეოლოგიური, ისტორიული და რელიგიური მოტივები. სტატიის მიზანია მიმოიხილოს კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები და მოვლენის სხვადასხვა ეტაპები.

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს ახასიათებს ღრმა ისტორიული ფესვები. თავდაპირველად ვახსენოთ უძველესი პერიოდი, რომლის დიდი ნაწილი ბიბლიაში არის მოთხრობილი. ებრაელები თავიანთ მიწას სხვადასხვა სახელს ეძახოდნენ, მათ შორის ისრაელს, ქანაანს, სამარიას, გალილეას და ა.შ მათ სწამდათ, რომ ღმერთმა ეს მიწები გადასცა უძველეს ებრაელებს-მოსეს, აბრაამს და მის შთამომავლობას. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, როგორც მათთვის აღთქმულ მიწაზე და უამრავი ომი გამოიარეს ტერიტორიის შესანარჩუნებლად. მას შემდეგ ის მიწა, რომელზეც ისრაელი მდებარეობს უამრავმა სახელმწიფომ დაიპყრო, მათ შორის მიდიამ, სპარსეთმა, რომმა და ა.შ ბიბლიაში მოთხრობილია ებრაელთა ყოფა სხვადასხვა დამპყრობლების მმართველობის ქვეშ, აღწერილია მათი გამარჯვებებისა და დამარცხებების ამბავი, მათთვის მოვლენილი სასჯელებისა და ბედნიერი ხანის პერიოდი.
რომის იმპერიის მიერ აღნიშნული ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ უამრავი ებრაელი გააძევეს საკუთარი მიწა-წყლიდან და ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადავიდნენ საცხოვრებლად და მხოლოდ XX საუკუნეში მოახერხეს გაერთიანება.
ებრაელები საკუთარ თავს უწოდებდნენ ისრაელიანელებს, იუდეველებს და ა.შ, როგორც ბიბლიაში არიან მოხსენიებულნი. აღნიშნულ ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი გააძევეს, თანდათან დასახლდნენ ეთნიკურად არაბები, რომელთა რიცხვიც მუდმივად იზრდებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი დიდი ნაწილი დიდი ბრიტანეთში გადასახლდა საცხოვრებლად, დიდი ბრიტანეთის მიერ ისრაელის ამჟამინდელი ტერიტორიის ექსპანსიის გამო.
უნდა აღინიშნოს, რომ ებრაელ ხალხს მუდმივად ჰქონდა იმედი თავისი მიწის დაბრუნების, ამის დასტურია ისიც, რომ ჩამოაყალიბეს მოძრაობა სახელწოდებით „სიონიზმი“, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და რომლის მიზანი იყო ებრაელების გაერთიანება და ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება იმ ტერიტორიაზე, რომელიც ბიბლიის მიხედვით ღმერთმა მათ აღუთქვა, როგორც ებრაელთა მიწა. ეთნიკურად არაბთა მიერ აღნიშნული ტერიტორიის დატოვებისას, თანდათან იზრდებოდა ებრაული მოსახლეობის რაოდენობა ისრაელის ამჟამინდელ ტერიტორიაზე. ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, არაბთა მიერ მოჰყვა გამოხმაურება და დაიწყო მცირე კონფლიქტი ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის, რომელმაც შემდგომ გაცილებით ფართო ხასიათი მიიღო. ვინაიდან ტერიტორია დიდი ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იყო, ბრიტანელები ებრაელთა სამხედროების დახმარებით ახერხებდნენ არაბთა მცირე ამბოხებების ჩახშობას.
თანდათან დაპირისპირებულმა მხარეებმა შექმნეს საკუთარი სამხედრო შენაერთები და გააძლიერეს შეიარაღება. ყველაფერი განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც გაეროს ასამბლეის გადაწყვეტილებით 1948 წელს ისრაელი ოფიციალურად გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამეგობრობამ მიანიჭა სახელმწიფოს სტატუსი. არაბულმა სახელმწიფოებმა-ეგვიპტემ, საუდის არაბეთმა, ტრანსიორდანიამ, სირიამ, ლიბანმა და ერაყმა გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ პალესტინის დასახმარებლად და ომი გამოუცხადეს ისრაელს. ომი ისრაელის გამარჯვებით დასრულდა და უამრავ ეთნიკურად არაბს მოუწია ისრაელის ტერიტორიიდან არაბულ ქვეყნებში საცხოვრებლად გადასვლა. ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაში კი გაერთიანდა ძველი პალესტინის თითქმის მთელი ტერიტორია, გარდა ორისა- ღაზა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებ, როგორც ღაზას სექტორს და დასავლეთ ბანკის ტერიტორია. ისრაელს მუდმივად ჰქონდა მცდელობა ამ ტერიტორიების შემოერთებისაც, თუმცა მე-20 საუკუნის 50-იან წლებში პალესტინამ სხვა არაბული სახელმწიფოების დახმარებით ღაზას სექტორთან არსებულ ტერიტორიაზე გაამკაცრა სასაზღვრო დაცვა და ისრაელს არ მისცა შესაძლებლობა დაებრუნებინა რეგიონი.
1964 წლის 31 დეკემბრიდან ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის ახალი ეტაპი დაიწყო. გამუდმებით მიმდინარეობდა ორივე სახელმწიფოს მხრიდან იერიშები, მათ შორის გამორჩეულია 6 დღიანი ომი, რომელიც 1967 წლის ივნისში არაბულ სახელმწიფოებსა და ისრაელს შორის მოხდა. ამ ომში გამარჯვებული ისრაელი დარჩა, რომელმაც მოიპოვა კონტროლი აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. თანდათან კონფლიქტმა გაცილებით მასშტაბული ხასიათი შეიძინა და პრობლემის მოგვარება უფრო რთული გახდა.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი ამ სახელმწიფოებს შორის ომი ბუნებრივ მოვლენად იქცა. სხვადასხვა სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო და ნატო, ცდილობდნენ ჩარეულიყვნენ კონფლიქტში და მშვიდობიანად მოეგვარებინათ. აშშ-მა მოიწვია არაერთი კონფერენცია, რომლებზეც იქმნებოდა ებრაულ-არაბული კომისიები და მიმდინარეობდა საკითხის განხილვა, ორივე მხარის მოსმენა და პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების გზების ძიება. განსაკუთრებით საგულისხმოა 1993 წლის სექტემბრის შეთანხმება ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, რომელიც ისრაელსა და პალესტინას შორის დაიდო. შეთანხმების პირობები შემდეგი იყო- უნდა შექმნილიყო პალესტინური ავტონომია ღაზას სექტორსა და იერიქონში, ასევე, ჩამოყალიბებულიყო პალესტინის პოლიცია და ადმინისტრაცია. დიალოგი გაგრძელდა ვაშინგტონის შეხვედრაზეც, სადაც ორივე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს კონფლიქტის მოგვარებისა და მშვიდობის სურვილი. თუმცა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღეს, ვინაიდან არცერთ მხარეს არ სურდა საკუთარი პოზიციის დათმობა. პალესტინა მოითხოვდა, რომ ისრაელის სახელმწიფოს პალესტინის ტერიტორიაზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობა შეეჩერებინა და ყველა პოლიტპატიმარი გაეთავისუფლებინა, ხოლო ისრაელს კი არ სურდა ამ პირობების დაკმაყოფილება და დიალოგის გაგრძელება ყოველგვარი მოთხოვნების წაყენების გარეშე სურდა. შესაბამისად, უთანხმოება სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკების გზით ვერ მოგვარდა.
საომარი მოქმედების პარალელურად, პალესტინაში თანდათან გააქტიურდნენ რადიკალურად განწყობილი ტერორისტული ძალები, რომლებსაც მიზნის მისაღწევ მთავარ საშუალებად ტერორიზმი მიაჩნდათ. მათ განახორციელეს ტერორისტულ აქტები, რაზეც უპასუხა ისრაელმაც, რომელმაც დაიწყო ძალადობრივი პოლიტიკის გატარება საკუთარ ტერიტორიაზე. განსაკუთრებით საშიში გამოდგა ისეთი ტერორისტული დაჯგუფებები როგორიცაა- “ჰამასი”, ” ისლამური ჯიჰადი “და ” ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები”, რომელთა მთავარ მიზანსაც ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმა წარმოადგენს. ამ სიტუაციამ კიდევ უფრო დაძაბა და ძალადობრივი გახადა კონფლიქტი.
2000 წლის აგვისტოში პრეზიდენტ კლინტონის შუამავლობით ჩატარდა მოლაპარაკება. შეხვედრაზე მხარეები კვლავ ვერ მივიდნენ ტერიტორიულ კომპრომისამდე. ეს მოლაპარაკებაც ჩაიშალა, მის ჩაშლას კი მოჰყვა 2000 წლის სექტემბერში დაწყებული პალესტინური აჯანყება, რომელიც ძალადობასა და სასტიკ ტერორიზმში გადაიზარდა. ამას მოსდევდა ისრაელის არმიის მხრიდან მკაცრი საპასუხო ზომების გატარება.
2002 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შერონმა გამოაცხადა, რომ იწყებდა სასაზღვრო ბარიერის მშენებლობა ისრაელისა და დასავლეთ ბანკის ტერიტორიაზე, რომლითაც ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნავდა ისრაელისა და პალესტინის მოქალაქეებს, რაც „სიონიზმის“ ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენდა. „ჩვენ აქ, ისინი იქ“- ეს დევიზი, რომელიც „სიონისტებისთვის“ იყო დამახასიათებელი. თუმცა, შერონმა მალევე უარი თქვა გადაწყვეტილებაზე მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ დემოგრაფიულად შეუძლებელი იყო ისრაელის, ღაზას სექტორისა და დასავლეთ ბანკის ანექსია.
დემოგრაფიული ბარიერი გადიოდა ძირითადად მწვანე ხაზის აღმოსავლეთით, ტერიტორიაზე, რომელიც ყოფდა დასავლეთ ბანკსა და ისრაელს. პალესტინელები ამ კედელს უწოდებდნენ „აპარტეიდის კედელს“. ამ ბარიერით გაიჭრა დამაკავშირებელი ხაზი ორ სახელმწიფოს შორის, მეტიც თითქმის დაბლოკა სოფლებისა და ქალაქებისთვის დამაკავშირებელი გზა. ბარიერის 95% შეიცავდა ელექტრონულ ღობეებს, საპატრულო გზებსა და სათვალთვალო კოშკებს, რომლებიც 300 მეტრი სიგრძის ფართობზე იყო განლაგებული. 2003 წელს მწვანე ხაზსა და დასავლეთ ბანკს შორის არსებული ტერიტორიაზე ააგეს გამყოფი კედელი. როგორც ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალურ განცხადებებშია ნათქვამი, ეს კედელი იცავს ისრაელს და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას. პალესტინელი მოსახლეობა აპროტესტებდა ამ კედლის აგებას, ვინაიდან მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის მოხდა მიწების კონფისკაცია. მათ ყველა ღონე იხმარეს, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებიც, რომ ხელი შეეშალათ კედლის აშენებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით პალესტინის მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადა საერთაშორისო სოლიდარობის მოძრაობამ და ათასობით ისრაელის მოქალაქემ. ისრაელის მოქალაქეთა დიდი ნაწილი აპროტესტებდა ამ კედლის მშენებლობას. 4 თვიანი „მშვიდობიანი ბანაკის“ განმავლობაში , რომელიც მიმდინარეობდა სოფელ მაშაში გაზაფხულსა და ზაფხულში 2003 წელს უამრავ ეთნიკურად ებრაელსა და პალესტინელს შორის შედგა დიალოგი და დამყარდა მშვიდობიანი ურთიერთობა.
2004 წელს ბუშმა კვლავ მოუწოდა ისრაელსა და პალესტინას მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ. მისი განცხადებით საბოლოოდ უნდა მოგვარებულიყო კონფლიქტი და სახელმწიფოებს კვლავ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე მიუთითა. მან შეიმუშავა ე.წ „საგზაო გეგმა“, რომელიც გულისხმობდა ნაბიჯ-ნაბიჯ პრობლემების მოგვარებას. ერთ-ერთი გზა პრობლემის მოგვარების იყო რეფორმების გატარება ორივე სახელმწიფოს მიერ. ამ გეგმის შესრულებაზე კონტროლს 3 სახელმწიფო აიღებდა თავზე- აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და ასევე, ამ ქვეყნებს შეუერთდა გაერო.
გეგმის გამოცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ ისრაელის პრეზიდენტმა არიელ შერონმა გამოცხადა 14 დათქმა აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ დათქმების დიდი ნაწილი „საგზაო გეგმას“ ეწინააღმდეგებოდა, პრეზიდენტ ბუში ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ და მოლაპარაკებები მშვიდობიანი გზით დასრულდებოდა. თუმცა ეს ყველაფერი ჩაიშალა განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო.
პალესტინის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შენიშვნების გარეშე ღებულობს ’’საგზაო რუკას’’, მაგრამ რადიკალურმა პალესტინურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ისრაელის არსებობის უფლებასაც კი არ ცნობენ, უპირველესად კი „ჰამასმა“ ეს გეგმა უარყო და ჩათვალა, რომ ასეთი საქციელი იქნებოდა დათმობა ისრაელის სასარგებლოდ. პარალელურად კვლავ გრძელდებოდა ტერორისტული აქტები და ძალის გამოყენების შესახებ მუდმივი მუქარა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა, რომელიც ადრე არც მალავდა, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის წინააღმდეგია, ამჯობინა ’’საგზაო რუკისთვის’’ მხარი დაეჭირა.
მიუხედავად „საგზაპ გეგმის“ ჩაშლისა და მხარეებს შორის უთანხმოებისა ისრაელის პრემიერ-მონისტრმა არიელ შერონმა გაანალიზა, რომ ისრაელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ებრაული ქვეყანა და 2004 წელს მისი გადაწყვეტილებით სამხედრო შენაერთების დიდი ნაწილი ღაზას სექტორიდან გადმოსხა. ამ გეგმამ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის მოწონება დაიმსახურა. 2004 წელს პრეზიდენტმა ბუშმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შენონს დიპლომატიური წერილი მიწერა, სადაც წერდა, რომ მოხარული იყო აღნიშნული გადაწყვეტილებით და მხარეებს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ასევე, ბუშმა დაიწყო პალესტინელი ლტოლვილების საკითხის მოგვარებაზე აქტიური მსჯელობა. მართალია, აშშ ხშირად უცხადებდა მხარდაჭერას ისრაელს განხორციელებულ ანექსიებთან დაკავშირებით 1967 წლიდან მოყოლებული, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ ყველა პალესტინელს ჰქონდა სახლში დაბრუნების უფლება აშშ-ს მხრიდან დიდი მხარდაჭერა მოჰყვა, რისი დასტურიც არის ბუშის დიპლომატიური წერილიც.
საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი შეშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 2006 წელს პალესტინის საპარლამენტო არჩევნებში „ჰამასმა“ გაიმარჯვა. მისი მთავარი კონკურენტი პოლიტიკური ძალა-„ფათჰიმ“ კი მის წინააღმდეგ გაილაშქრა, რაც ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა უფრო ლმობიერი პოლიტიკის მქონე ორგანიზაცია “ფათჰის“ ერგო. მათ შორის „ფათჰის“ აღიარებდა პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციაც (PLO). მოვლენები ისე განვითარდა, რომ 2007 წელს „ჰამასი“ ღაზას სექტორში გადავიდა და საკუთარი მმართველობა იქ გამოაცხადა. პარალელურად, „ფათჰის“ მმართველობამ ღაზას სექტორი მისი ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში სცნო, რასაც, რა თქმა უნდა, დაუპირისპირდა „ჰამასი“ და რადიკალური ზომების განხორციელებით დაიმუქრა.
2008 წელს  ურთიერთობა ისრაელსა და პალესტინას შორის განსაკუთრებით დაიძაბა. ამის მიზეზი იყო ისრაელის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მოქმედებები, მათ შორის, ინტერვენცია ტერორისტული აქტებით, შეიარაღებული არმიით და სხვადასხვა სახით. დაპირისპირებას არამარტო მამაკაცები, არამედ უამრავი ქალი და ბავშვი შეეწირა. 2008 წლის იანვარში ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა „ცახალმა“ ღაზა სექტორში რამდენიმე ადგილი ააფეთქა. დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანი იძულებული გახდა ეგვიპტეში გადასულიყო თავშესაფრის საძებნელად.
ისრაელი აგრძელებდა საომარი მოქმედებების განხორციელებას, მათი საჰაერო ძალები ღაზას სექტორს თავს დაესხნენ და ყუმბარები დაუშინეს. პალესტინელებმა საპასუხოდ იმოქმედეს და ისრაელის რაკეტები ააფეთქეს.  საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდებოდა და კონფლიქტის მოგვარება უფრო და უფრო რთული ხდებოდა.
2009 წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ბარაკ ობამა გახდა პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია გაუძღვა დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ბარაკ ობამამ კაიროში სიტყვით გამოსვლისას, მუსლიმი სამყაროს ინტერესების დაცვასა და რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობაზე დასვა აქცენტები. მალევე, იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ობამამ მას შესთავაზა ორი-სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობდა ერთმანეთის ტერიტორიების აღიარებას და მშვიდობიან თანაცხოვრებას, რაც თავის თავში, რა თქმა უნდა, გულისხმობდა სახელმწიფოთა მხრიდან გარკვეული მოთხოვნების დათმობას. ნეთანიაჰუ პალესტინური სახელმწიფოს აღიარებას დათანხმდა, თუმცა იმ პირობით, რომ პალესტინა ისრაელს, როგორც ებრაულ სახელმწიფოს აღიარებდა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოითხოვა, რომ ისრაელს უნდა დარჩენოდა უკანონო დასახლებების მშენებლობის უფლებაც, ასევე მისი პირობა იყო პალესტინის სამომავლო დემილიტარიზაცია, უსაფრთხოების გარანტიების მიღება, იერუსალიმის ისრაელის ადმინისტრირების ქვეშ გადასვლას და აქ პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნების მოთხოვნაზე უარის თქმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის მხრიდან პალესტინის მიერ ასეთ დათმობაზე წასვლის მოთხოვნა უარყოფილ იქნა პალესტინის მიერ და მოლაპარაკებები კვლავ გადაიდო განუსაზღვრელი ვადით.
ობამას ადმინისტრაციამ სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენა 2010 წლის შემოდგომაზე სცადა.  სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მხარეების პირისპირ შეხვედრას გეგმავდა, რათა საბოლოოდ შეთანხმებულიყვნენ ორი-სახელმწიფოს იდეაზე და მისი აღსრულება დაეწყოთ. ამ დროს დიდი როლი ითამაშა „ჰამასისა“ და ლიბანური „ჰეზბოლას“ მუქარებმა, რომ ისინი ძალადობრივ პოლიტიკას გააქტიურებდნენ, თუკი მხარეებს შორის რაიმე ტიპის შეთანხმება მიიღწეოდა. ეს რადიკალური ორგანიზაციები წინააღმდეგნი იყვნენ ყოველგვარი შეთანხმების და ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ მოლაპარაკებების ეტაპი არ დაწყებული. მათმა ძალისხმევამ თავისი გაიტანა და კვლავ აიღო ორივე მხარემ მოლაპარაკების წარმოებაზე ხელი.
არაბული სახელმწიფოთა მხრიდანაც იყო მცდელობები კონფლიქტური სიტუაციის მოგვარების, მათ შორის ეგვიპტის მიერ, რომელმაც სცადა პალესტინის პოლიტიკურ ძალებს შორის შერიგებას მიეღწია. 2012 წელს სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ღაზას სექტორში შუალედური არჩევნები უნდა გამართულიყო და რეგიონი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ჯგუფებს უნდა ემართა. ასეთი შეთანხმება შედგა 2014 წელსაც, თუმცა მხოლოდ მცირე ხნით. „ჰამასმა“ კვლავ დაიწყო თავისი ძალების დემონსტრირება და ისევ ჩამოყალიბდა ალტერნატიული ხელისუფლება.
სამშვიდობო მოლაპარაკებების კიდევ ერთი ეტაპი 2013 წელს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ინიცირებით განახლდა. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე მხარეებს შეთანხმების მიღწევამდე ვადა ჰქონდათ მიცემული რა ვადაშიც მათ უნდა წარმოედგინათ სამშვიდობო გეგმა და ერთმანეთთან შეთანხმების საფუძველზე დაეთმოთ საკუთარი პოზიცია ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენა. როგორც წინამორბედ შემთხვევაში, მოლაპარაკება აქაც ჩაიშალა. როგორც აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა მარტინ ინდიკმა განაცხადა პროცესის ჩაშლის მთავარი დამნაშავე ისრაელის სახელმწიფო იყო, ვინაიდან არ გამოავლინა საკმარისი ნება მშვიდობის დასამყარებლად. უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტის მონაწილე არცერთ მხარეს არ გადაუდგამს ეფექტური ნაბიჯი და არ გამოუხატავს სურვილი მშვიდობიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ისრაელსა და პალესტინას შორის. 2016 წლის შემდგომ კვლავ იყო მცდელობები ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტის მოგვარების, თუმცა სიტუაცია კვლავ დაძაბულია და ვერ ხერხდება ისრაელსა და პალესტინას შორის მტრული დამოკიდებულების შეცვლა.
ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს, რომ 2017 წელს აშშ ახალმა პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. „ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა და როგორც ყველა დამოუკიდებელ ქვეყანას მასაც აქვს უფლება ჰქონდეს დედაქალაქი“ განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. რა თქმა უნდა, ამ განცხადებას უკმაყოფილებით შეხვდა ოფიციალური პალესტინა, ვინაიდან ეს ერთ-ერთი სადავო საკითხი იყო ისრაელის სახელმწიფოსთან. კრიტიკულად შეხვდა ამ განცხადებას პალესტინის მოსახლეობაც და მრავალრიცხოვანი გაფიცვები მოეწყო სხვადასხვა პალესტინური ქალაქის ქუჩებში. აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ტრამპის ეს გაცხადება არ შეუშლის ხელს აშშ პოლიტიკას, რომელიც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებისკენ არის მიმართული.
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ მიუხედავად უამრავი შეთანხმებისა, ისრაელი და პალესტინა ვერ მივიდა კომპრომისამდე. დღეს კვლავ არის მცდელობები კონფლიქტის დარეგულირებისა სხვადასხვა სახელმწიფოებისა, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის ნატოც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. თუმცა, როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენებთ, კონფლიქტი მოიცავს უამრავ ასპექტს და ერთიანობაში ძალიან კომპლექსურ სურათს ქმნის. თუ ორივე სახელმწიფო არ მოინდომებს მშვიდობას, შეუძლებელი იქნება ერთი სახელმწიფოს მხრიდან მთელ რიგ დათმობებზე წასვლა. ამიტომაც, არის, რომ მუდმივად ისმის მოწოდებები, რომ ისრაელი და პალესტინა მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ და ერთმანეთთან შეთანხმებული გეგმით გააგრძელონ კეთილმეზობლური თანაცხოვრება.

ბიბლიოგრაფია:
Joel Beinin and Lisa Hajjar,“Palestine, Israel and the Arab-Israeli Conflict: A Primer“. MERIP. 2014.
BBC- http://www.bbc.com/news/world-middle-east-29123668
VOX-https://www.vox.com/world/2017/12/6/16741528/trump-jerusalem-speech-israel-tel-aviv
Historyguy-https://www.historyguy.com/israeli-palestinian_conflict.html
ლ.ღირსიაშვილი- კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინას შორის (ნაწილი I)
ინფორმაციის წყარო: https://www.militarium.org/israeli-vs-palestina/
Jews for Justice in the Middle East. “The Origin of the Palestine-Israel Conflict”, Berkeley, CA, 2001.
ინფორმაციის წყარო: http://ifamericaknew.org/history/origin.html

Bookmark the permalink.

Comments are closed